მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას და ნიშს 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (12.4×8.05 მ). აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა)). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს. ტაძარი ადრე შუა საუკუნეებშია აგებული. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ისტორიულად, წმ. გიორგის სახელობის იყო, ამჟამად კი ღვთისმშობლის სახელობისაა. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ადღგენის დროს გადაკეთებულია და აღდგენისას გამოყენებული არაა ტაძრის მშენებლობის მსგავსი მასალა, ტაძარს მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული ნიშნები (ღრმა ნახევარწრიული და შვერილი აბსიდი, ტიმპანიანი კარი), რითიც ის შეიძლება განიხილოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.