ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში მდებარე X ს-ის ეკლესიას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ერთიანი დაუნაწევრებელი გარშემოსავლელით დასავლეთიდან და სამხრეთიდან. პერანგი კარგად ნათალი კვადრებითაა ნაწყობი. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებშ თითო თაღოვანი სარკმელია, რომლის თავსართები ჯვრის გამოსახულებებითაა შემკული. შესასვლელი სამხრეთ და დასავლეთ კედელშია. დასავლეთის კარი ღერძიდან ჩრდილოეთისკენაა გაწეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული დარბაზისგან მხრებით გამოყოფილი აბსიდია, რომლის კონქი მხრების პროფილირებულ კაპიტელებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. ჩრდილოეთის კედელს ძირში საფეხური გასდევს. გრძივი კედლები თითო წყვილი პილასტრითაა გაყოფილი. პილასტრები სადა პროფილირებული კაპიტელებით სრულდება, მათზე კამარის საბჯენი თაღი გადადის. საკურთხეველში, სარკმლის ძირში ქვის ტრაპეზია. საკურთხევლის წინ, დარბაზში კვარცხლბეკზე აღმართული ქვის დიდი ქვაჯვარია. ეკლესია შელესილია. საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ იკითხებოდა მხატვრობის ფრაგმენტები. გარშემოსავლელის დასავლეთი ნაწილი ყრუ ტალანია, რომელიც დასავლეთის კედელში გაჭრილი ერთი სარკმლით ნათდება. ჩრდილოეთის კედელს აქაც ხარისხი აქვს, რომელზეც ქვის სტელის ნაწილებია დალაგებული. გადახურვა ცალფერდაა. დაქანებული. გარშემოსავლელის სამხრეთის ნაწილი ორი თაღით გახსნილი გალერეაა. აღმოსავლეთით უაბსიდოა. ჩრდილოეთის მხარეს, ტაძრის კედელზე თაღნარია გაკეთებული, რომელიც ამავე დროს გარშემოსავლელის კამარის საბჯენია. აღმოსავლეთ კედელთან აქაც ქვაჯვარი დგას. ტაძარში იატაკი ქვისფილებითაა მოგებული. გარშემოსავლელის სამხრეთ კედელზე, თაღის გვერდით ჩასმულია ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სამხარაი“. ხანდოს ეკლესიას ერთგვარ უნიკალურობას სძენს დარბაზში აღმართული ქვაჯვარა, რომელიც, როგორც ჩანს, იდგა და შემდეგ სწორედ მასზე ააშენეს ეკლესია. მასზეა მორგებული ეკლესიის დასავლეთის კარიც. ხანდოს ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღნარები, თაღოვანი სარკმლები, თაღით გახსნილი გარშემოსავლელი), პალეოგრაფიული ნიმუში, სალოცავის განსხვავებული ტიპი (ქვაჯვარა და სვეტების ნაწილები).