ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იწყებს მასშტაბურ კამპანიას - „ემეგობრე მემკვიდრეობას“.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით, ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კამპანიაში ფართო საზოგადოებრივი წრეების აქტიური ჩართვის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამავე სახელწოდების კლუბს 15 ივლისს ოფიციალურად დააფუძნებს.
პროექტს უკვე შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე.
პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება. ღონისძიების ფარგლებში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მოეწყობა. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრება.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი მაყურებელს უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ შესთავაზებს. რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის პრემიერა 5 წლის წინ შექსპირის თეატრში - გლობუსში (დიდი ბრიტანეთი) შედგა და მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი.
ხელოვნების სასახლე დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას წარუდგენს, სადაც დამთვალიერებლს საშუალება ექნება იხილოს ექსპრესიული კადრები კოტე მიქაბერიძის მიერ, 1936 წელს, ვეფხისტყაოსნის თემაზე გადაღებული პირველი და ერთადერთი ფილმიდან.
სტუმრებისთვის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ხალხური ტრადიციული რეწვის გამოფენა-გაყიდვასაც დაეთმობა. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახლადგახსნილი სოციალური მაღაზია "ეთნოდიზაინის" ბაზაზე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთ ნივთებს გამოფენს. კულტურულ ღონისძიებებს, საზეიმო ვითარებაში პროექტის "ემეგობრე მემკვიდრეობას" პრეზენტაცია დაასრულებს.
სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად კლუბში „ემეგობრე მემკვიდრეობას“ პარტნიორებად სამოქალაქო, პროფესიული და სხვა საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან. წინასწარი გათლვებით, „ემეგობრე მემკვიდრეობას“ პარტნიორთა წრე 30 000 -მდე წევრს გააერთიანებს, რომელთა წლიური საწევრო შენატანები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს შექმნის.
15 ივლისი, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი, კულტურული ღონისძიებების პროგრამა :
18:00 - ტრადიციული რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა (სალაროს მიმდებარე ტერიტორია);
18:20 - ძეგლის დათვალიერება (ექსკურსია-გიდი ნიკოლოზ ანთიძე);
18:20 - ხელოვნების სასახლის სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა (ძეგლიდან ჩამოსასვლელი ბილიკი;)
20:00 - სპექტაკლი ,,როგორც გენებოთ“ - 2 მოქმედება კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლი;
22:00 დაჯილდოების ცერემონია ვარძიის მხატვრობის გაწმენდა-კონსერვაციაში გაწეული წვლილისათვის
22:30 - პროექტი ,,ემეგობრე მემკვიდრეობას“ პრეზენტაცია საზოგადოებისათვის; სადღესასწაულო ტორტის გაჭრა - ღვინისა და ტენილი ყველის დეგუსტაცია