ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
ქალაქი ქუთაისი
იმერეთის მხარე

![]() |
ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი IV კრიტერიუმის თანახმად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია 1994 წელს. "საკათედრო ტაძარი და მონასტერი განსზღვრავენ საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურის აყვავების ხანას."
გელათის მონასტერი XII-XIV სს.
გელათის მონასტერი - შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი სასულიერო და კულტურული ცენტრი "ახალი ათენი" და "მეორე იერუსალიმი" - მეფე დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა.
მონასტერთან ფუნქციონირებდა აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები.
გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების - ბაგრატიონების საძვალესაც წარმოადგენდა.
XVI საუკუნიდან გელათი საეპისკოპოსო საყდარია.
მონასტრის ცენტრალური ნაგებობაა ღმრთისმშობლის შობის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. მისი შიდა სივრცე დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. საკურთხევლის კონქს ამკობს 1125-1130 წწ. შესრულებული ბრწყინვალე მოზაიკური კომპოზიცია - ფეხზე მდგომი ჩვილედი ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები. დასავლეთის სტოაში XII ს-ის ფრესკებია, რომლებზეც გამოსახულია მსოფლიო შვიდი საეკლესიო კრება. ტაძრის ძირითადი მხატვრობა XVI ს-ის II ნახევარშია შესრულებული.
გელათის სამონასტრო ანსამბლში შემავალი ხუროთმოძღვრული ძეგლები XII-XIV საუკუნეებისაა: აკადემია, წმ. გიორგის ეკლესია, რომლის ინტერიერი XVI საუკუნეში მოიხატა, წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.
მონასტრის გალავანის სამხრეთ კარიბჭეში წმ. მეფე დავით აღმაშენებელია (1184-1225) დაკრძალული.
ბაგრატის ტაძარი X-XI სს. მიჯნა
ბაგრატის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი – ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო. მისი დამაარსებელია საქართველოს სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III (978-1014) ბაგრატიონი. ტაძრის მშენებლობა, ფასადზე ამოკვეთილი წარწერის მიხედვით, დასრულდა 1003 წელს. მის კურთხევას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მეზობელი ქვეყნების უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფალნი.
ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, რომლის გუმბათიც ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობოდა. დასავლეთ მკლავში, მეორე სართულზე, მეფის ოჯახისათვის პატრონიკე იყო მოწყობილი.
მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს.
Bბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილია სამშენებლო და მემორიალური წარწერები. ჩრდილოეთის სარკმელზე საქართველოში შემონახული უძველესი არაბული ციფრებია აღბეჭდილი.
XVII ს-ის მიწურულს ტაძარი დამპყრობლებმა ააფეთქეს. მისი ნგრევა XVIII-XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა.
ბაგრატის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები, მათ შორის IV საუკუნის ტაძრის ფრაგმენტები, 1003 წლის საკურთხევლისწინა მორთული იატაკი და სამეფო სამარხები.

