საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ქ. ქუთაისში პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა. ახლო მომავალში, სწორედ ახალი სამეცნიერო ბაზის პირობებში ამოქმედდება ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისია. ცენტრის გახსნის საფუძველი 2017 წელს ვარშავის უნივერსიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის პოლონეთში ვიზიტისას გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი გახდა, რამაც ახალ საფეხურზე აიყვანა არქეოლოგიური კვლევის მიმართულებით პოლონეთის მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობა. ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში (ჭიათურის მახლობლად გამოქვაბულში მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი). კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს უკვე დაიწყო. აღნიშნული კვლევები მომავალ წლებში განსაზღვრავს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას, რომლის საფუძველზეც, პოლონელი ექსპერტების დახმარებით, დაიწყება აქტიური მუშაობა ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში წარსადგენად. კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის ახლადგადმოცემულ შენობაზე აბრა საზეიმოდ დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, პოლონეთის პარლამენტის წევრისა და ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ვოლსკისთან, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ მარიუშ მაშკიევიჩთან და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ადამ ლუკასევიჩთან ერთად გახსნა. * პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. მისიის ქ. ქუთაისში განთავსება ხელს შეუწყობს კულტურისა და განათლების სფეროში ქვეყნის დეცენტრალიზაციას, რაც ქუთაისის განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული მნიშვნელობის ნაბიჯი იქნება. ამასთან პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი ქუთაისში მოღვაწე სპეციალისტებისთვის გააჩენს საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამედროვე კვლევით ტექნოლოგიებზე წვდომის უნიკალურ შანსს, ხელს შეუწყობს ქუთაისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სპეციალობების განვითარებას, სუდენტებს კი არქეოლოგიურ კვლევებში მუდმივად მონაწილეობის საშუალებას მისცემს. პოლონური მხრიდან ექსპედიციის ხელმძღვანელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარაშევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველი, დოქ. როლანდ ისაკაძე. ექსპედიციაში ჩართულები არიან ორივე ქვეყნის დოქტორანტები და სტუდენტები. პარალელურად, საქართველოს კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 2018 წელი პოლონური კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადდა. ამ პროექტის ქვეშ განხორციელდება პოლონური მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ ზოგადად პოლონური ნაკვალევის კვლევას ქართულ კულტურაში.