|

|
არმაზისხევი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
არმაზისხევი მტკვრის მარჯვენა შენაკადია, რომელიც მტკვარს მცხეთის სადგურის დასავლეთით 3 კმ-ში ერთვის.
არმაზისხევის შესართავთან, ხევის მარჯვენა ნაპირზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1937-1946 წწ.) აღმოჩენილია ქ.შ. II-IV საუკუნეების გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი (კრამიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი), ერისთავთა სასახლის ნანგრევები, აბანო, წყალსადენის ნაშთები, ადრეშუასაუკუნეების სამაროვანი, კერამიკული სახელოსნო და მარანი.
განსაკუთრებულად მდიდრული იყო ქ.შ. II-III საუკუნეების ერისთავთა სამარხები. აღმოჩენილია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, დიადემები, ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკლავურები და სხვ. ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, ამეთვისტოს, საფირონის, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის, ონიქსის, ფირუზის, ალმასისა და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი თვლებით. ზოგიერთ გემაზე წარწერაც არის ამოკვეთილი, წარწერებში მოხსენიებულნი არიან პიტიახში ასპარუკი, ზევახი და მისი მეუღლე კარპაკი. ნაპოვნია ვერცხლის თასები სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებითა და მამაკაცის მკერდზედა ქანდაკებით, ასევე სურები.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია ორი წარწერიანი სტელა: ზევახ პიტიახშის ასულის - სერაფიტას ორენოვანი - ბერძნულ-არამეული ეპიტაფია, ე.წ. არმაზის ბილინგვა. სწორედ ამ ბილინგვამ გ. წერეთელს მისცა საშუალება გაეშიფრა, საქართველოში აღმოჩენილი არამეული წარწერები, რის შედეგადაც ამ დამწერლობას არმაზული ეწოდა. წარწერა დათარიღებულია ქ.შ. II საუკუნით.
მეორე - ერთენოვანი არამეულწარწერიანი ე.წ. შარაგასის სტელა მოგვითხრობს ქ.შ. I საუკუნის შუახანებში არმენიაში, ქართველთა გამარჯვებების შესახებ. ეს გამარჯვებები ქართველებმა პიტიახშ შარაგასის ხელმძღვანელობით მოიპოვეს, მითრიდატეს მეფობის პერიოდში.
ა. აფაქიძე - ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, თბ. 1963; მცხეთა, ტ. I არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ. 1955.
არმაზის საგანძური
|